ჰეპატიტები

ჰეპატიტები

ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. ეს ორგანო 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედში (ჰეპატოციტებში) გამუდმებით ხდება სისხლის გადამუშავება - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გარდაქმნა, ზოგიერთი ფერმენტისა და ნაღვლის წარმოქმნა, შხამიან ნივთიერებათა გაუვნებელყოფა. ღვიძლი ინახავს ვიტამინებს და რკინას.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა (ლათინურად: “ჰეპარ” - ღვიძლი და “იტის” - ანთება).

ბევრი მედიკამენტი და ნივთიერება (ზოგიერთი ანტიბიოტიკი, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები), ხანგრძლივი მიღებისას ღვიძლს ისე აზიანებს, რომ მის ანთებასაც კი იწვევს. ეს ტოქსიკური ჰეპატიტია.

ვირუსული ჰეპატიტები

ვირუსული ჰეპატიტები ვირუსულ დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც სხვადასხვა ტიპის ვირუსები იწვევს, მაგრამ ყველას ახასიათებს  ღვიძლის ქსოვილის დაზიანება და მსგავსი გამოვლინებები - სიყვითლე, ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. 

როგორ ხდება ღვიძლის დაზიანება?

ორგანიზმში შეჭრილი ჰეპატიტის ვირუსები სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში გადაადგილდებიან, ბოლოს კი ღვიძლში იდებენ ბინას. იქ ისინი პირდაპირ ღვიძლის უჯრედებში - ჰეპატოციტებში იჭრებიან. ჰეპატოციტები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციებს და ვირუსის გამრავლებაზე იწყებენ მუშაობას - ორგანიზმისათვის აუცილებელი ნივთიერებების ნაცვლად ისინი ვირუსის შემადგენელი ნაწილების სინთეზს იწყებენ. ახლადწარმოქმნილი ვირუსები გამოდიან დაზიანებული უჯრედიდან, ჯანმრთელ უჯრედებში იჭრებიან და იქ იწყებენ გამრავლებას. ასე გრძელდება, ვიდრე ღვიძლში მობინადრე ვირუსი მთლიანად არ დააზიანებს ღვიძლის ჯანმრთელ ქსოვილს.


თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელია 5 ტიპის ვირუსული ჰეპატიტის (A, B, C, D, E) იდენტიფიცირება.

გადაცემის გზების მიხედვით, ვირუსული ჰეპატიტები 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ინფიცირების ენტერალური (პირის ღრუდან) და პარენტერალური (სისხლის გზით) გზები. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება A დაE  ტიპის ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტები - დასნებოვნება ხდება ვირუსით ინფიცირებული წყლის დალევით ან ჭუჭყიანი ხელებით საკვების მიღების შედეგად. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ჰეპატიტები B, C  და D. ამ შემთხვევაში ინფიცირება შესაძლებელია სისხლის გადასხმის, არასტერილური ქირურგიული ან საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით ან სქესობრივი კონტაქტით.

დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობის მიხედვით, ვირუსულ ჰეპატიტებს ყოფენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკულად ითვლება, თუ ორგანიზმის იმუნურმა ძალებმა დასნებოვნებიდან 6 თვის შემდეგაც ვერ შეძლეს ვირუსის განადგურება და გაძევება. 

ქრონიკული ჰეპატიტებისათვის დამახასიათებელია ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, რომელიც ძლიერდება საღამოსთვის, ფიზიკური სამუშაოს შესრულების უუნარობა. ეს სიმპტომები გარდამავალ ხასიათს ატარებს, რის გამოც უმრავლესობა ავადმყოფობას არადერიოზულად ეკიდება. ანთებითი პროცესი კი გრძელდება, ღვიძლის უჯრედები ნადგურდება და იცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით. შედეგად, წლების შემდეგ, ყალიბდება ღვიძლის ციროზი. აღმოჩნდა, რომ ჰეპატიტის ვირუსს შეუძლია, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეც გამოიწვიოს.

სტატისტიკის თანახმად, ღვიძლის ციროზის შემთხვევათა ნახევარზე მეტი გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღებით, 25% - ვირუსული ჰეპატიტით, 25%-ის გამომწვევი კი დაუდგენელია. 

ყველაზე კეთილსაიმედო პროგნოზი A ჰეპატიტს (ე.წ. “ბოტკინის დაავადებას”) აქვს, რადგან მას მხოლოდ მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს და ქრონიკულ ფორმაში არ გადადის. A ტიპის ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული წყლის და საკვების საშუალებით ან პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში (საკვების მიღება დაბინძურებული ხელებით).

ღვიძლს უნიკალური თვისება აქვს - დაზიანების შემდეგ მას თვითაღდგენის გასაოცარი უნარი შესწევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჰეპატიტების ადრეული დიაგნოსტირება, მკურნალობა და მოვლა, რათა არ განვითარდეს ღვიძლის სერიოზული, შეუქცევადი დაზიანება.