B ჰეპატიტი

ვირუსული ჰეპატიტი B


ჰეპატიტის ამ საკმაოდ გავრცელებულ და მძიმე ფოორმას სხვაგვარად შრატისმიერ ჰეპატიტსაც უწოდებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება ძირითადად სისხლის გზით გადადის, თანაც ინფიცირებისათვის საკმარისია ვირუსის უმნიშვნელო რაოდენობა. 

B ჰეპატიტის გამომწვევი არის ვირუსი (HBV), რომელიც სისხლის შრატში 30-32-ზე ექვსი თვის განმავლობაში ცოცხლობს, მინუს 20-ზე - 15 წლის განმავლობაში, ხოლო ადუღების შედეგად 20 წუთში კვდება.

B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის დროს. ვინაიდან ამ ვირუსის გადაცემა ბიოლოგიური სითხეებით ძალიან ადვილია, შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს საპარსი საშუალებების ან კბილის ჯაგრისის საზიაროდ გამოყენების შედეგად. B ჰეპატიტის ვირუსი აივთან შედარებით 100-ჯერ და C ჰეპატიტის ვირუსთან შედარებით 10-ჯერ უფრო გადამდებია.

სიტუაციები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ხდება ინფიცირება:
• შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა;
• არასტერილური ნემსის/შპრიცის, ქირურგიული ან სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება;
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. ვირუსულ ჰეპატიტებს შორის სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად B ჰეპატიტი გადადის;
• ტატუირება, ყურების გახვრეტა, აკუპუნქტურა არასტერილური ინსტრუმენტებით;
• დედიდან შვილზე არც ისე ხშირად გადადის. ამ გზით გადაცემის რისკი იმატებს, თუ დედას ჰეპატიტის აქტიური ფორმა აქვს ან ორსულობის ბოლო თვეებში გადაიტანა ჰეპატიტი; ინფიცირების რისკი ასევე მკვეთრად იზრდება, თუ დედას აივ ინფექციაც აქვს. დედის რძით B ჰეპატიტი არ გადადის.

დიაგნოსტიკა. B ჰეპატიტის ინფექციის გამოსავლენად ან მისი სტადიის დასადგენად (მწვავეა თუ ქრონიკული) ტარდება სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევები.

პროფილაქტიკა. B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია:
1. ინექციური ნარკოტიკების მოხმარების დროს აუცილებელია ახალი, სტერილური ნემსი/შპრიცის გამოყენება. თუ ამის საშუალება არ არის, ნახმარი ინსტრუმენტები უნდა გასტერილდეს. ვირუსი ძალიან მდგრადია და მის გასაუვნებლად საჭიროა დუღილი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. 
2. სქესობრივი კონტაქტის დროს აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება;
3. დაუშვებელია პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის ინსტრუმენტები) გაზიარება;
4. ტატუირებისა და პირსინგის დროს საჭიროა უხმარი, სტერილური, ერთჯერადი ინსტრუმენტების მოთხოვნა;
5. ვაქცინაცია B ჰეპატიტზე.

B ჰეპატიტის საწინააღმდეგო თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. 
ინფიცირებისგან დაცვისათვის აუცილებელი იმუნიტეტი გამოუმუშავდება აცრილთა 80-90%-ს. უმრავლეს შემთხვევებში, ვაქცინა მოქმედებს 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევები იმაზე მიუთითებს, რომ იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ნარჩუნდება.

მკურნალობა. HBV ინფექციის ყველა შემთხვევას მკურნალობა არ ესაჭიროება. მკურნალობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი - ინფექციონისტი ან ჰეპატოლოგი. არ არის სასურველი მედიკამენტების, სამკურნალო ბალახების ან ვიტამინების მიღება თვითნებურად ან ახლობლების რჩევით. ამით, შეიძლება, უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ ღვიძლს.

B ჰეპატიტის მწვავე ფორმას ინფექციური პათოლოგიის სტაციონარში მკურნალობენ. მკურნალობა მიმართულია ღვიძლში ანთებითი პროცესის ჩაქრომაზე და გრძელდება, დაახლოებით, ერთი თვე. იმ პირებს, ვინც B  ჰეპატიტის მწვავე ფორმა გადაიტანა, 6-12 თვის განმავლობაში ენიშნება დიეტა, ეკრძალება ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლის მიღება.

ქრონიკული B  ჰეპატიტი სრულად არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი პროგრესირების შეჩერება. ჰეპატიტის ამ ფორმის სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტები მიმართულია ვირუსის გამრავლების შეფერხებაზე, რაც  ღვიძლის შემდგომი დაზიანების და გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობაა ერთი წელი.

ჩვენთან სწრაფი, მარტივი, უფასო და ანონიმური ტესტირებით შეიძლება დადგინდეს, ხართ თუ არა ინფიცირებული B  ტიპის ჰეპატიტის ვირუსით.
ჩაიტარეთ ტესტირება B ჰეპატიტზე! 
თუ გეცოდინებათ, რომ ინფიცირებული ხართ, დროულად დაიწყებთ მკურნალობას, დაიცავთ თქვენს ღვიძლს დამატებითი დამაზიანებელი ფაქტორებისაგან.