C ჰეპატიტი

ვირუსული ჰეპატიტი C


C ჰეპატიტი ვირუსული ჰეპატიტების ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს. იგი სისხლის გზით გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დასნებოვნება ხდება ინფიცირებული სისხლის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

გადაცემის გზები:
 არასტერილური ნემსების, შპრიცების და სხვა საინექციო ატრიბუტიკის გამოყენება ინექციური ნარკოტიკების მოხმარების დროს;
 ინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა;
 დაბინძურებული ინსტრუმენტების გამოყენება ქირურგიული ჩარევის დროს;
 სქესობრივი გზით ინფიცირება C  ჰეპატიტის შემთხვევაში იშვიათად ხდება;
რისკს ზრდის სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების არსებობა; 
 სვირინგების (ტატუირების და პირსინგის გაკეთება);
 პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის მაკრატელი) გაზიარება;
 ორსულობისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადაცემის რისკი მცირეა;
 არ გადადის საყოფაცხოვრებო კონტაქტებით (დაცემინება, დახველება, ხელის ჩამოთმევა, საზიარო ჭურჭელი) და ძუძუთი კვების დროს. 

პროფილაქტიკა

 ერთჯერადი, სტერილური ნემსის/შპრიცის და ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენება; მანიპულაციების წინ ხელების აუცილებელი დაბანა;
 ღია ჭრილობებისა და ნაკაწრების დაფარვა;
 თუმცა სქესობრივი კონტაქტით გადაცემის რისკი მაღალი არ არის,  მაინც სასურველია პრეზერვატივის გამოყენება
 ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას უნდა დავრწმუნდეთ,რომ სტანდარტული უსაფრთხოების ზომები დაცულია;
 სხვა ადამიანების პირადი ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მანიკურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების და საყურეებისაც კი! ) გამოყენებაზე უარის თქმა;
 ტატუირებისა პირსინგის გაკეთების დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ, ახალი ნემსით გვიკეთებენ და უნდა მოვითხოვოთ, რომ შეფუთვა ჩვენს თვალწინ გაიხსნას. 

დიაგნოსტიკა. ადამიანის ორგანიზმში C ტიპის ჰეპატიტის არსებობა სისხლის გამოკვლევით (ტესტირებით) დგინდება. პირველი ტესტი, რომელსაც ატარებენ, ადგენს, ოდესმე იყო თუ არა C ტიპის ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ორგანიზმში. ამ ანალიზს ეწოდება ტესტი ანტისხეულებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, კეთდება დამატებითი გამოკვლევები ღვიძლის მდგომარეობის შესასწავლად.

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით ერთ მეოთხედში ვითარდება ხანმოკლე, მწვავე ინფექცია, რომელიც სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. გაცილებით უფრო ხშირად, C ჰეპატიტს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ღვიძლის დაზიანება ძალიან ნელა, წლების განმავლობაში ხდება და მკურნალობის გარეშე, შეიძლება, ღვიძლის ციროზი ან კიბო გამოიწვიოს.

მკურნალობა. ყველა ინფიცირებულს მკურნალობა არ ესაჭიროება. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მედიკამენტური მკურნალობის დაწყების შესახებ.

რეკომენდაციები ქრონიკული B და C ტიპის ჰეპატიტის მქონე პაციენტებს:
• უარი თქვით თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე;
• კვების რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე, სანელებლებიანი, შებოლილი პროდუქტები;
• შეზღუდეთ ტკბილეულის და შოკილადის მიღება;
• უარი თქვით ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ საკვებზე;
• უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ან ორთქლზე მომზადებულ პროდუქტებს;
• რეკომენდებულია რძის ნაწარმი ცხიმის დაბალი შემცველობით, ბურღულეული, ცომეული (მაგრამ არა საფუარზე მომზადებული, უმჯობესია წინა დღის პურის გამოყენება);
• სასურველია საკვების ხშირი მიღება მცირე ულიუფებით;
• უარი თქვით ჩაიზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე;
• მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი; რეკომენდებულია ასევე მინერალური წყალი გაზის გარეშე;
• უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე, განსაკუთრებით სიმძიმის აწევაზე;
• მოერიდეთ სხეულის გადაციებას ან გადახურებას (უარი თქვით აბანოზე და საუნაზე, შეზღუდეთ მზეზე ყოფნის დრო).


ჩვენთან სწრაფი, მარტივი, უფასო და ანონიმური ტესტირებით შეიძლება დადგინდეს, ხართ თუ არა ინფიცირებული C ტიპის ჰეპატიტის ვირუსით.
ჩაიტარეთ ტესტირება C ჰეპატიტზე!
თუ გეცოდინებათ, რომ ინფიცირებული ხართ, დროულად დაიწყებთ მკურნალობას, დაიცავთ თქვენს ღვიძლს დამატებითი დამაზიანებელი ფაქტორებისაგან.