აივ/შიდსი

რა არის აივი და როგორ იშიფრება იგი?

ეს არის ვირუსი, რომელიც იწვევს დაავადება შიდსს.
 
ა - ადამიანის
ი- იმუნოდეფიციტის
ვ- ვირუსი



რა არის შიდსი და როგორ იშიფრება იგი?

შიდსი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია აივ -ით. დაავადება გამოხატულია გარკვეული სიმპტომებით და საჭიროებს ექიმის დროულ მეთვალყურეობას.
 
შ- შეძენილი
ი - იმუნო
დ- დეფიციტის
ს- სინდრომი



რა განსხვავებაა აივ ინფიცირებულსა და შიდსით დაავადებულს შორის?

ადამიანის ორგანიზმში, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შეჭრის დღიდან, ეს პირი აივ ინფიცირებულია. თუმცა გარკვეული წლების მანძილზე ინფექციას არ გააჩნია რამე კლინიკური გამოვლინება, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ხდება გარკვეული სიმპტომების გამოვლენა, ინფიცირებული პირს შეიძლება ვუწოდოთ შიდსით დაავადებული. აივ ინფექციიდან შიდსის სტადიაზე გადასვლა დასტურდება სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევებით.



როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:


1. დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;

2. ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

3. ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.



როგორ არ გადეცემა აივ ინფექცია?

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:


  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში. 



რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა, თუ მის ორგანიზმში აივი მოხვდა?

მკურნალობის გარეშე, შეიძლება, 8-10 წელი იცოცხლოს.
ბევრი რამ არის დამოკიდებული ცხოვრების წესზე. ყველაფერი, რაც ვნებს ჯანმრთელობას _ ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ცუდი კვება _ ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნგრევას და აჩქარებს შიდსის განვითარებას.
თუ ადამიანი ღებულობს აივის საწინააღმდეგო წამლებს, ის დიდ ხანს ცოცხლობს და შეუძლია იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით _ იმუშავოს, ყავდეს ოჯახი, შვილები.  



შეიძლება ადამიანს გარეგნულად ეტყობოდეს, რომ ის აივ-ინფიცირებულია?

არა.
დაავადება ნელა ვითარდება. ადამიანმა, შეიძლება, რამდენიმე წელი (5-7 წელი) არც კი იცოდეს, რომ ის აივ-ინფიცირებულია, მაგრამ სხვას გადასდოს ინფექცია. 



როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული?

მის გასაგებად, აუცილებელია, სისხლის აღება აივზე ტესტირებისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია აივის ერთი თავისებურება _ ორგანიზმში შეჭრიდან სამი  თვის განმავლობაში ტესტის პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს _ არ გამოვლინდეს ვირუსის არსებობა. ამ დროს, ადამიანი უკვე სხვებს გადასცემს ინფექციას. ამ პერიოდს ეწოდება “ფანჯრის პერიოდი”. ამიტომ, აუცილებელია განმეორებითი ანალიზი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ინფიცირებულია ადამიანი თუ  არა.