ცხოვრებისეული ისტორიები

ხათუნა – 38 წლის.

 


გავთხოვდი ადრეულ ასაკში, მყავს 3 შვილი და კარგი მეუღლე. ვცხოვრობდი ბედნიერად და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ექიმები შიდსის დიაგნოზს დამისვამდნენ.

  ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სამი წლის წინ გავხდი ავად, ძალიან დავსუსტდი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი თბილისში წაყვანა და ხელახალი გამოკვლევები ჩამიტარეს. ექიმისგან შევიტყვე ჩემი დიაგნოზი _ აივ ინფექცია. გაოგნებული და შოკირებული ვიყავი, ვიცოდი რომ ამ დაავადებით ადამიანები კვდებოდნენ, ყველაფრის იმედი დავკარგე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, ვისთვის მეთხოვა დახმარება.

  შიდსის ცენტრში ძალიან თბილად მიმიღეს, იქ გავიცანი ჩემი სტატუსის მქონე ადამიანები. თურმე, მარტო მე არ ვყოფილვარ ამ დღეში და სხვანაირად დავიწყე ფიქრი სიცოცხლეზე.

  სამი წელია ვიცი, რომ შიდსის ვირუსით ვარ ინფიცირებული. ვმკურნალობ, თავს ვუვლი, რადგან ჩემს ოჯახსა და შვილებს ვჭირდები. თვითდახმარების ცენტრში გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი. მათთან ურთიერთობამ დამავიწყა დაავადება. სამწუხაროდ, მქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ექიმმა უარი მითხრა მიღებაზე და კარი ცხვირწინ მომიხურა, ბევრი დამცირება გადავიტანე.

  თუ აივ-ით ინფიცირებული ხარ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომუწესოდცხოვრობ. მთავარია, რომ მეგობრებს და ახლობლებს ჩემს მიმართ გრძნობა არ შეცვლიათ, პირიქით, მამხნევებენ, ერთი წუთით უყურადღებოდ არ მტოვებენ და დიდ სიყვარულს მჩუქნიან.


 

1234567