ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს ცენტრი, ბემონის თელავის ფილიალი

ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი დაარსდა 2010 წლის დასაწყისში, ქ. თელავში, პროექტის “კახეთის რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოტენციალისა და კოორდინაციის გაძლიერება ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით” ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონისა” და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდის (AFEW, Netherlands) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ/შიდს-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცოდნის ამაღლებას.

ცენტრის მისია

ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი ემსახურება ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, სპეციალისტების სწავლებასა და საზოგადოების ინფორმირებას. ცენტრი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი, სოციალურად აქტიური და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ცენტრის საქმიანობა

ცენტრი აერთიანებს აივ/შიდსისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია საზოგადოების ინფორმირებასა და მობილიზაციაზე ნარკომანიასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რესურს-ცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებს და მედიის წარმომადგენლებს. ამავე დროს, ცენტრის ფუნქციებში შედის ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის რეგიონული სათათბიროს შექმნა, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, ნაბეჭდი საინფორმაციო მასალების შექმნა და გავრცელება.

ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ხორციელდება კვლევები, ტარდება ტრენინგები სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისათვის, თემის წარმომადგენლებისათვის.

თელავის რესურს-ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ნარკომანიისა და აივ/შიდსის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და რეგიონულ არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რეგიონულ მედიასთან და სხვა ორგანიზაციებთან.

ცენტრი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” თელავის რეგიონული ფილიალის ბაზაზე. საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც არსებობს თბილისში 1998 წლიდან და აქვს კერძო დეტოქსიკაციური კლინიკა. ორგანიზაციის მისია გამოხატულია მის სახელწოდებაში _ “ბემონი” სულხან-საბას “სიტყვის კონაში” განმარტებულია, როგორც უმაღლესი ხარისხი. Oრგანიზაცია მოწოდებულია უმაღლესი ხარისხის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სამკურნალო სამსახურებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას. საზოგადოებრივ გაერთიანება “ბემონს” გააჩნია ყველა შესაძლებლობა და რესურსები იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ნარკოლოგიის სფეროში.