აივ ინფექცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ყველას შეიძლება შეეხოს, მაგრამ აივ ინფიცირებულ ადამიანებს უფრო ხშირად უჩნდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა კარგ შედეგებს იძელვა აივ პოზიტიურ ადამიანებთან.

 ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია აივ ინფიცირებული ადამიანებისათვის


ფსიქიკური ჯანმრთელობა  ყველასათვის მნიშვნელოვანია

თუ თქვენ ისეთი სერიოზული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი დაავადება გაქვთ, როგორიც აივ-ინფექციაა, ემოციური დისტრესი, შფოთვა და დეპრესია, შესაძლოა, მეორეხარისხოვნად მიიჩნიოთ.

სინამდვილეში, ფსიქიკური ჯანმრთელობა აივ ინფიცირებული ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის განუყოფელი ნაწილია. გასათვალისწინებელია, რომ აივ პოზიტიური ადამიანები, რომელთაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან  აივ-საწინააღმდეგო მკურნალობას.

აივ-საწინააღმდეგო მედიკამენტების წყალობით ბევრ აივ ინფიცირებულ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. თუ თქვენ ხანგრძლივი დაავადება გაქვთ, მაშინ  მომავალზე  ფიქრმა, მკურნალობის გვერდითმა მოვლენებმა, ტკივილმა, ავადმყოფობის პროგრესირების შიშმა და ყოველდღიური ცხოვრების  მოვლენებმაც კი, შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი დაძაბულობა და იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

შესაბამისად, აივ ინფიცირებული ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აივ ინფექციამ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და  რა არის დეპრესია, შფოთვა და ემოციური დისტრესი.
 

ზოგიერთი სპეციალისტის სამუშაოს აღწერა 

თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავების საკუთარი სტარატეგია.  
ისევე, როგორც ფიზიკური დაავადებების დროს არის საჭირო პროფესიონალის დახმარება, ემოციური ან სხვა ფსიქიკური პრობლემების დროსაც პროფესიონალს უნდა მივმართოთ.
ეს ზოგიერთს აშინებს ან აბნევს.
ამ საკითხების უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სპეციალობებისა და მკურნალობის სახეების გაცნობა. 


ფსიქიატრი

ფსიქიატრი ექიმია, რომლის სპეციალიზაციაა ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტირება და მედიკამენტებით მკურნალობა.  წამლების (მაგალითად ანტიდეპრესანტების) გამოწერასთან ერთად ზოგიერთი ფსიქიატრი ფსიქოთერაპიულ მეთოდებსაც იყენებს.



კლინიკური ფსიქოლოგი

კლინიკური ფსიქოლოგები ფსიქიკურ პრობლემებს მკურნალობენ ფსიქოლოგიური თერაპიის მეშვეობით. მათ აქვთ აკადემიური ცოდნა და მუშაობენ საავადმყოფოებსა  და სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში. ფსიქოლოგიური თერაპია დაფუძნებულია საუბარზე და ეხმარება ადამიანს, გაარკვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავოს ამ პრობლემების მოგვარების პრაქტიკული სტრატეგიები. 



ფსიქოთერაპევტი

ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელიც ემოციურ და სხვა ფსიქიკურ პრობლემებს მკურნალობს საუბრით.  ის შეიძლება იყოს ექიმი ან არ იყოს ექიმი, მაგრამ უნდა ჰქონდეს ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია.  ამდენად, ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის როლები  ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს.



კონსულტანტი

კონსულტანტი უზრუნველყოფს მოკლევადიან დახმარებას და ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ისაუბროს ემოციურ პრობლემებზე, მაგალითად, აივ-ინფექციის დიაგნოზის  დასმის შემდეგ.




 

აივთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები

დემენცია  

ეფექტური აივ-საწინააღმდეგო მკურნალობის (ე.წ. მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის) დანერგვამდე, ძალიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ინფიცირებული ადამიანების  2-7%-ს ჩამოუყალიბდა დემენცია.  დემენციის მქონე აივ-პოზიტიური ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დაბალია.
ამჟამად, ეფექტური აივ-საწინააღმდეგო მკურნალობის წყალობით დემენციის შემთხვევები ძალიან იშვიათია და ეს პრობლემა თავს იჩენს მხოლოდ იმ დროს, როდესაც ადამიანი არ მიმართავს აივ-საწინააღმდეგო მკურნალობას.
აივ პოზიტიური ადამიანების დემენციის სიმპტომები მოხუცებულთა სენილური  დემენცის მსგავსია. ეს სიმპტომებია:

• სირთულეები აზროვნებასა და გაგებაში, რაც მოიცავს გულმავიწყობას, მეხსიერების დაკარგვას, ყურადღების კონცენტრაცის სერიოზულ პრობლემებს, დაბნეულობას და პრობლემებს რაიმეს დაგეგმვასა და  განხორციელებაში.
• ცვლილებები ქცევაში მოიცავს იზოლაციის განცდას, ინტერესების დაკარგვას და ბავშვურ საქციელს. 
• მოძრაობისა და კოორდინაციის პრობლემები, როგორიცაა წონასწორობის დარღვევა ან კიდურებში ძალის დაკარგვა.
 
აქვე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემენციის გარდა ეს სიმპტომები სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ, თუ თქვენ რომელიმე ამ სიპტომთაგან გაწუხებთ, აუცილებელად მიმართეთ თქვენს ექიმს _ შიდსის სპეციალისტს, რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. 

ტესტების მეშვეობით შესაძლებელია შემოწმდეს მცირე ცვლილებებიც კი მეხსიერებაში, ყურადღების კონცენტრაციაში და ინფორმაციის გადამუშავებაში.  ეს საკმაოდ მარტივად კეთდება. მაგალითად, რამდენად შეგიძლიათ რაიმე ჩამონათვალის დამახსოვრება და გამეორება.
გადაგვარებული უჯრედებისა და აივის გამოსავლენად თავ-ზურგ-ტვინის სითხის ანალიზიც გამოიყენება. 
დემენციის დადგენა შესაძლებელია კომპიუტერული სკანირებითაც.

უკვე 1990-ანი წლების ბოლოს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დანერგილი ეფექტური აივ-საწინააღმდეგო მკურნალობა, აივ პოზიტიურ ადამიანებში დემენციის რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

ნებისმიერი აივ-საწინააღმდეგო თერაპია, რომელიც ინარჩუნებს თქვენი CD4 უჯრედების რაოდენობას 200-ის ზემოთ, გიცავთ დემენციის ჩამოყალიბებისაგან. 
არსებობს  ვარაუდი, რომ ასაკოვან  _ 50წელს გადაცილებულ აივ პოზიტიურ ადამიანებს უფრო მაღალი რისკი აქვთ, ჩამოუყალიბდეთ ტვინის  მსუბუქი დაზიანება, რაც ვლინდება გულმავიწყობით. ამ მოსაზრების დასადასტურებლად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. მაგრამ დეპრესია, გადაღლა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება და ცუდი ძილი ნამდვილად  წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს.
ღრმა დემენციის მქონე ადამიანები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. 


მანიაკალური მდგომარეობა

მანიაკალური ეპიზოდები _ უკონტროლო იმპულსურობა ან ენერგიის მოზღვავება და ბრაზის შეტევები  _ იშვიათად არის შემჩნეული ადამიანებში, რომლებიც აივ ინფექციის განვითარების გვიან ეტაპზე არიან და ძალიან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ (CD4 უჯრედების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია). მიჩნეულია, რომ ეს მდგომარეობა გამოწვეულია აივ-ის მიერ ტვინის დაზიანებით. ეფექტური აივ-საწინააღმდეგო მკურნალობის წყალობით ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი გახდა.

 
დეპრსესია, შფოთვა და ემოციური დისტრესი

დეპრესია
 
ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ დეპრესია აქვთ, როდესაც თავს ცუდად და მოწყენილად გრძნობენ. ჩვეულებრივ, ეს არის განწყობილების ბუნებრივი შეცვლა ან შესაფერისი რეაქცია გულსატკენ  მოვლენასა თუ სიტუაციაზე.
დეპრესია დაავადებაა და ექიმები მას კლინიკურ ან დიდ დეპრესიას უწოდებენ, რათა განასხვავონ ამ სიტყვის ზემოთხსენებული მნიშვნელობისაგან.
 დეპრესიის მიზეზი მრავალგვარია. ავადმყოფობა, გაუსაძლისი სტრესი და სოციალური პრობლემები ხშირად იწვევს დეპრესიის ჩამოყალიბებას. არსებობს მოსაზრებაც, რომ ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად უფრო მიდრეკილია დეპრესიისადმი, ვიდრე სხვები. ბევრ შემთხვევაში შეუძლებელია დეპრესიის ჩამოყალიბების მიზეზის მიგნება.

დეპრესია ხასიათდება ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის პერიოდული ან მუდმივი გამოვლენით რამდენიმე კვირის ან ზოგჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში:
დაქვეითებული გუნება-განწყობილება
აპათია
ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
გაღიზიანებადობა
ჩაძინების გაძნელება
ადრე გაღვიძება
მუდმივი ძილიანობა
დაძაბულობა
გაძლიერებული მადა ან უმადობა 
წონის მატება ან დაკლება
ადრე კმაყოფილების მომტანი საქმიანობებისადმი გულგრილობა
დაბალი თვითშეფასება 
შეუსაბამო და გადაჭარბებული დანაშაულის  გრძნობა
აზრები სიკვდილზე, თვითდაზიანებასა ან თვითმკვლელობაზე.

თუ ფიქრობთ, რომ დეპრესიის სიმპტომები გაქვთ, თქვენ დახმარება გჭირდებათ. შეეცადეთ საკუთარ განცდებზე ესაუბროთ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს. 
თუ ფიქრობთ, რომ დეპრესია გაქვთ და დახმარებას საჭიროებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სუსტი, არასტაბილური ან `შეშლილი” ხართ. 

თუ საკუთარი თავის დაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვინმეს დახმარებისათვის.

თუ დეპრესია გაქვთ, თქვენმა ექიმმა, შესაძლოა, შემოგთავზოთ წამლის მიღება ანტიდეპრესანტების ჯგუფიდან. ეს წამლები არეგულირებს ქიმიურ ბალანსს თავის ტვინში და ხსნის დეპრესიის სიმპტომებს.  შედეგის მისაღწევად საჭიროა ანტიდეპრესანტების მიღება ოთხიდან თორმეტ კვირამდე.


აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს _ შიდსის სპეციალისტს, რომ დანიშნული გაქვთ ანტიდეპრსესანტი.
ანტიდეპრესანტებს,  როგორც ყველა წამალს, აქვს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, პირველი კვირების განმალობაში. ეს პერიოდი, შესაძლოა, რთულად გადასატანი იყოს, რადგან იმისათვის, რომ წამლის შედეგი _ დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება იგრძნოთ,  რამდენიმე კვირაა საჭირო. 
ანტიდეპრესანტების მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. შესაძლოა, უკვე რამდენიმე კვირის თავზე კარგად იგრძნოთ თავი, მაგრამ, როგორც წესი, რეკომენდებულია, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა გაგრძელდეს სამი თვის განმალობაში, ხოლო თუ დეპრესია განმეორდა, უფრო ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო. 
დამტკიცებულია, რომ ანტიდეპრესანტები უკეთ მოქმედებს, თუ მათ მიღებას თან ახლავს საუბრით თერაპია, რაც ჩვეულებრივ, გულისხმობს  ფსიქოლოგთან რამდენიმე სესიისგან შემდგარ კურსს, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ განიხილოთ, რამ გამოიწვია და როგორ ვლინდება თქვენი დეპრესია და როგორ შეიძლება მისი გაკონტროლება.  

არსებობს მონაცემები, რომ აივ-ინფიცირებულებს შორის უფრო გავრცელებულია ბიპოლარული ანუ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (მანიაკალური მდგომარეობისა და დეპრესიის მონაცვლეობა), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს აივ-ით გამოწვეული დაავადების გამოვლენასა და აივ-საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებასთან. თავის ტვინში განწყობილების მონაცვლეობასთან დაკავშირებული ქიმიური დისბალანსის აღდგენა შესაძლებელია წამლებით, ხოლო ფსიქოთერაპია საშუალებას იძლევა, ადამიანმა თვითონ შეძლოს  განწყობილების ცვლის ხელშემწყობი ფაქტორებისა და ნიშნების ამოცნობა და აკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა. 


 

შფოთვა 

შფოთვა არის პანიკისა და ცუდის მოლოდინის განცდა. ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს ადეკვატური და სასარგებლო რეაქცია, თუ ის არის ბუნებრივი  რეაქცია საფრთხეზე. მაგრამ შფოთვა ბევრ ადამიანს უქმნის ხანგრძლივ პრობლემებს და ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შფოთვასთან დაკავშირებული სიმპტომებია ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, მოუსვენრობა, ნერვიულობა, თავის ტკივილები და პანიკის შეტევები. ეს შესაძლოა ვლინდებოდეს დეპრესიის სიმპტომებთან ერთად ან დამოუკიდებლად.
აივ ინფიცირებულებთან, ზოგჯერ, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობაც გვხვდება. ეს აშლილობა ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანმა გადაიტანა რაიმე ტრავმა და მის მეხსიერებას არ შეუძლია ამ მოვლენის ნორმალური გადამუშავება, რაც იწვევს განცდილთან დაკავშირებულ „ფლეშბეკებს” (გადატანილი მატრამვირებელი გამოცდილების უეცარი გაცოცხლება წარმოდგენებისა თუ შერგძნებების სახით), ღამის კოშმარებსა და დაძაბულობას. 
 
თუ შფოთვა განპირობებულია პრაქტიკული პრობლემით, მაშინ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევა, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს.  იმისათვის, რომ თქვენ თვითონ შეძლოთ შფოთვის წყაროს გარკვევა და გაკონტროლება, დაგეხმარებათ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული თერაპიის მოკლე კურსი. 

დეპრესიის თანმხლები შფოთვა, ჩვეულებრივ, წარმატებით იკურნება ანტიდეპრესანტებით.
მასაჟი, აკუპუნქტურა და ვარჯიში ასევე ხელს უწყობს შფოთვის სიმპტომების მოხსნას.


ემოციური დისტრესი

ზოგიერთი განსაკუთრებული მოვლენა, როგორიცაა აივ-ის დიაგნოსტირება, მნიშვნელოვან ადამიანებთან განშორება და ურთიერთობების რღვევა, ავადმყოფობა  და მკურნალობის გვერდით მოვლენები, იწვევს უბედურების განცდას და ემოციურ დისტრესს.

ამ დროს ადამიანს ეუფლება ისეთი გრძნობები, როგორიცაა უარყოფა, ბრაზი და სევდა. ეს შეიძლება გაგრძელდეს კვირებისა და თვეების განმავლობაში, მანამ, სანამ მოხდება ახალი სტატუსის შინაგანი აღიარება და მიღება. ამ მდგომარეობას, ხშირად, გლოვას უწოდებენ.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან. ასევე, საჭიროა პროფესიონალების დახმარება: კონსულტირების ან ფსიქოთერაპიის მოკლე კურსის დახმარებით შესაძლებელია ემოციური დისტრესის სიმპტომების შემსუბუქება.



 
ზრუნვა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბევრი საშუალება არსებობს:

• ეცადეთ, ნორმალურად იკვებოთ და საკვებისაგან მიიღოთ სიამოვნება.
ანსაღი ღამის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. გამოუძინებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური და ფსიქიკური პრობლემები.
• ალკოჰოლის ჭარბად სმა  და ნარკოტიკების მოხმარება ხელს უწყობს ემოციური და ფსიქიკური პრობლემების გაჩენას.
• ეცადეთ, არ გადადოთ სამსახურის, ურთიერთობის, ფულადი და საოჯახო პრობლემების მოგვარება.
• გულში ნუ ჩაიკლავთ წუხილსა და დარდს _ ესაუბრეთ ვინმეს
• ნუ განმარტოვდებით, ჩაერთეთ სხვადასხვა საქმიანობაში
• დაისახეთ მიღწევადი მიზნები. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი  მათი შესრულებისათვის და თავს ნუ დაისჯით, თუ ვერ შეასრულეთ.
• მიეცით თავს უფლება, ზოგჯერ სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან.



იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე!

თუ თქვენი ძალისხმევა და ახლობლების თანადგომა საკმარისი არ აღმოჩნდა, დახმარებისთვის მიმართეთ სპეციალისტს!