მე აივ დადებითი ვარ...

მე მესმის, ადამიანები დაბნეულები არიან   აივ/შიდსის პრობლემის გამო.   ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია

იმით, რომ მათ არ იციან ამ
  დაავადების გადაცემის გზები. ვფიქრობ, როცა საზოგადოებას მეტი ეცოდინება აივ/შიდსის შესახებ, მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება ინფიცირებულების მიმართ და ისინი აღარ მოგვერიდებიან.” 


ლექსო, 40 წლის 

_


“ადამიანებს ჰგონიათ, რომ აივ/შიდსი ნარკომანების და მეძავების დაავადებაა. ქუთაისში რომ ინფიცირებულები დაიხოცნენ..? ისინი ხომ ბავშვები იყვნენ?!”



სალომე, 22 წლის
 
_

“ჩემს შესახებ არავის იცის _ არც მეგობარმა და არც ოჯახის წევრმა. არ იციან იმიტომ, რომ არ მინდა ტკივილი მივაყენო ოჯახის წევრებს. მეგობრების შემთხვევაში კი არ ვიცი, როგორ მიიღებენ. ეს ძალიან ძნელია!”


გიგი, 30 წლის                                                                                                                                                                                             
_

“ადამიანები, რომელთაც ეს შეეხოთ, არ არიან აქტიურები იმიტომ, რომ ეშინიათ, თვითონ შეექმნებათ პრობლემები”.
                                                                                                                                                                             

ნანი, 50 წლის

_


“ბევრი აივ დადებითი ვიცი, რომელთაც თავისი სტატუსი გახსნეს და მერე პრობლემები შეექმნათ საკუთარი ოჯახის მხრიდანაც კი”. 


ბორისი, 37 წლის 


_


“მკურნალობაზე მეტად მე გვერდში დგომა მესაჭიროება. მთავარია, დეპრესიაში არ ჩავვარდე”.



მარიამი, 19 წლის 


_


“არ ვიცი, საზოგადოებას როგორ მივმართო. ხომ ვერ ვეტყვი, ავად ვარ და მიმიღეთ-თქო. არ მინდა ვგრძნობდე იმას, რომ განვსხვავდები და არც შეცოდება არ არის საჭირო! უბრალოდ, ნუ განმიკითხავენ. მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი. ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე აივ დადებითი ვარ”. 

ლადო, 27 წლის 

_


“მას შემდეგ, რაც გავიგე ჩემი აივ ინფიცირების შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდა ჩემში, ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა. . . .”



მარიკა, 28წ.

_


“მთელი გულით მინდა მუშაობის დაწყება და შემიძლია კიდეც, მაგრამ იმის შიში მაქვს, რომ გამჟღავნდება ჩემი ინფიცირებულობა და დამითხოვენ ...”



ამირანი, 51წ.

_


“ყველაფერს შეგუებული ვარ და არაფრის მეშინია. ერთადერთი, ახლობლების დაკარგვის მეშინია. ასე მგონია, რომ გაიგებენ ინფიცირებული ვარ ყველა შემომეცლება...”



ნინო, 36წ.

_


“ზოგს ჰგონია, რომ გვერდზე ჯდომითაც შეიძლება გადაედოს აივ/შიდსი. ათასნაირი უფრო აქტიური მომაკვდინებელი სენი და ვირუსი არსებობს და იმის არ ეშინიათ. ხალხში შიშია გავრცელებული, არ არსებობს არანაირი ცოდნა ამ დაავადებასთან დაკავშირებით.”


ირაკლი, 29წ.

_


“რომ დამჭირდეს კბილის ექიმს ვერ მივმართავ, რადგან თუ სტატუსს გავუმხელ მომსახურებაზე უარს მეტყვის. რატომ? მე ხომ სხვებისგან არაფრით არ განვსხვავდები. ექიმი ხომ ვალდებულია ყველა პაციენტს შეხედოს, როგორც აივ პოზიტიურ ადამიანს.”


თინიკო, 39წ.

_


“ექიმმა, რომ მითხრა აივ ინფიცირებული ხარო შოკში ჩავვარდი, ვერ გავერკვიე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ისიც კი არ ვიცოდი იყო თუ არა ვინმე ამ დაავადების მატარებელი საქართველოში. საერთოდ ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა.”

დავითი, 35 წლის

დავითმა თვითონვე იპოვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან, მას შემდეგ რაც სტრესსმა გაიარა, რაშიც დავითს დედა დაეხმარა, სურვილი გაუჩნდა გაეცნო აივ პოზიტიური ადამიანები:
“მოვიძიე ინფორმაცია, გავიგე, რომ არსებობდა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი და დიდი სიამოვნებით მივაკითხე. აღმოვჩნდი ისეთ ადგილაზე, სადაც ჩემნაირი ადამიანები იყრიდნენ თავს, გავიცანი ისინი და დავმეგობრდით. იმდენად ღრმად შევედი ამ საზოგადოებაში, რომ ჩავები მათ სამსახურში, გავიგე თუ რა არის შიდსი, როგორ გადადის, როგორ უნდა მოუარო თავს, უფრო მეტიც ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ და შეუძლიათ ჯანმრთელი მომავალი იყოლიონ.”

_


“ნუ შემახსენებთ ყოველ წუთს, რომ ავად ვარ. დღეს თავს კარგად ვგრძნობ და არ მინდა ვიფიქრო, რომ ხვალ შეიძლება უარესად ვიყო”.


ნინო, 26 წლის 


_


“ყოველთვის მეგონა, რომ გასაჭირში ძალიან დამჭირდებოდა თანაგრძნობა, მაგრამ როცა სერიოზული დაავადება აღმომაჩნდა და დიდი დოზით მივიღე თანაგრძნობა, მივხვდი, რომ ამან საწყალი, პასიური ადამიანის როლში ჩამაყენა. ვნატრობდი ადამიანს, რომელიც წუხილს და მზრუნველობას კი არ გამოხატავდა, არამედ მეტყოდა _ გაანძრიე ხელი, მარტო შენს თავზე ნუ ფიქრობო. აღარ მინდოდა, რომ მომქცეოდნენ, როგორც ავადმყოფს”.
                                                                                                                                                                                                                           გოგა, 39 წლის